Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერიამ დააჯარიმა „თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქციაზე მომუშავე კომპანია


„თეთრ ხიდის“ რეკონსტრუქცია
„თეთრ ხიდის“ რეკონსტრუქცია

ქუთაისის მერიამ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე „თეთრ ხიდზე“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ვადის დარღვევისთვის მშენებელი კომპანია 8 900 ლარით დააჯარიმა. როგორც რადიო თავისუფლებას ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განუცხადა, კომპანია „ალმა -რუსი“ დაჯარიმდა სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების გრაფიკის დარღვევისთვის. კომპანიამ ხიდის რეკონსტრუქცია 29 მაისს დაიწყო და 22 აგვისტოს უნდა დაესრულებინა, თუმცა რამდენიმე დღეა ხიდზე სამუშაოები შეჩერებულია. შპს „ალმა რუსმა“ ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და სამუშაოებს 435 999 ლარად ასრულებს, რაც საწყის ფასთან შედარებით თითქმის 9 000 ლარითაა ნაკლები.

„თეთრ ხიდის“ რეკონსტრუქცია
„თეთრ ხიდის“ რეკონსტრუქცია

გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, სატენდერო პირობების მიხედვით, სამი თვის ვადაში კომპანიას ხიდზე უნდა მოეხდინა ხის საფარის და ლამპიონების დემონტაჟი, გამოეცვალა მოაჯირის დაზიანებული ნაწილი ანალოგიურით,სავალ ნაწილზე მოეწყო ოვალური ფორმის, სამშრიანი მინის იატაკი და დეკორატიული თეთრი ქვები, რომლებსაც ძელსკამის ფუნქციური დატვირთვა ექნება.

ქუთაისის მერის განცხადებით: „სანქცია დაეკისრება ყველა იმ კომპანიას, რომელიც დროულად ვერ უზრუნველყოფს აღებული ვალდებულების შესრულებას“. „თეთრი ხიდი“ ქალაქის ისტორიულ უბანში პუშკინის და გრიშაშვილის ქუჩებს აკავშირებს, ის ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვისაა განკუთვნილი. რეკონსტრუქციისთვის ზაფხულის პერიოდში ხიდის დაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობის და ქალაქის ვიზიტორების უკმაყოფილების საგანი გახდა.

„თეთრ ხიდის“ რეკონსტრუქცია
„თეთრ ხიდის“ რეკონსტრუქცია

„თეთრი ხიდი“ ქუთაისში, მდინარე რიონზე მდებარე ხუთი ხიდიდან ერთ-ერთი უძველესია, იგი საუკუნე-ნახევრისაა. „თეთრი ხიდის“ რკინის კონსტრუქცია 1872 წელს საფრანგეთიდან ჩამოიტანეს და ინჟინერ ზეზელმანის პროექტის მიხედვით დაამონტაჟეს, მანამდე არსებული ხის ხიდის სანაცვლოდ, რომლის ბურჯები 1860 წელს წყალდიდობის შედეგად დაზიანდა. მდინარე რიონის ადიდებით დაზიანებული ხის ხიდი რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად, ნიკოლოზის სახელს ატარებდა, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აგებულ ახალ ხიდს კი „თეთრი“ მისი შეფერილობის გამო უწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG