Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს მისი „ბუკის“ კავშირს დონბასში მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან


2018 წლის 17 სექტემბერი: რუსეთის თავდაცვის სამინიტროში პრეს-კონფერენციაზე წარდგენილი მასალა, რომელიც ეხება დონბასში 2014 წელს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამომგდებ რაკეტას
2018 წლის 17 სექტემბერი: რუსეთის თავდაცვის სამინიტროში პრეს-კონფერენციაზე წარდგენილი მასალა, რომელიც ეხება დონბასში 2014 წელს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამომგდებ რაკეტას

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ კავშირს დონბასში მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან. ის აცხადებს, რომ რაკეტა, რომელმაც 2014 წლის 17 ივლისს „ბოინგი“ ჩამოაგდო, უკრაინას ეკუთვნოდა. მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკოლაი პარშინმა თქვა, რომ რუსმა სამხედროებმა შეძლეს რაკეტის სარეგისტრაციო ნომრის დადგენა. პარშინის თქმით, რაკეტა 1986 წლის დეკემბერში გაიგზავნა ერთ-ერთ სამხედრო შენაერთში უკრაინის ტერიტორიაზე, საიდანაც უკვე აღარ დაუბრუნებიათ რუსეთში. რუსი სამხედროები ირწმუნებიან, რომ ამ სამხედრო შენაერთის ამჟამინდელი სახელწოდებაა უკრაინის 223-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკი, რომელიც მონაწილეობდა დონბასის სამხედრო მოქმედებებში. ამასობაში, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა უარყო რუსეთის მხარის განცხადება რაკეტის „უკრაინული წარმომავლობის“ შესახებ. ტურჩინოვის აზრით, რუსეთის განცხადება არის კრემლის მორიგი ტყუილი იმ დანაშაულის დასამალად, რომელიც უკვე დაამტკიცა ოფიციალურმა გამოძიებამ. უფრო ადრე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ ნიდერლანდის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ სამგზავრო „ბოინგი“, რომელშიც 298 ადამიანი იმყოფებოდა, ჩამოაგდო საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკიდან“ გასროლილმა რაკეტამ. „ბუკი“ რუსეთის არმიას ეკუთვნოდა და რაკეტა ისროლეს ტერიტორიიდან, რომელსაც რუსეთის დახმარებით მებრძოლი სეპარატისტები აკონტროლებდნენ. შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG