ლიტვაში ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა, ფრანცისკემ პატივი მიაგო ამ ქვეყანაში საბჭოთა და ნაცისტური ოკუპაციების მსხვერპლთა ხსოვნას. ქალაქ კაუნასში გამართულ მსახურებაზე ფრანცისკემ პატვი მიაგო ებრაელებს, რომლებიც დახოცეს ან გამანადგურებელ ბანაკებში გაგზავნეს ნაცისტების სამწლიანი ოკუპაციის პერიოდში და ლიტველებს, რომლებიც გულაგებში გაგზავნეს ან თავიანთ ქვეყანაშივე დაუქვემდებარეს დევნას საბჭოთა კავშირის მხრიდან ოკუპაციის ხუთი ათწლეულის განმავლობაში. "წინა თაობებს კვლავაც ატყვიათ ოკუპაციის პერიოდის ჭრილობები, დეპორტირებულთა შესახებ დარდი, იმ ადამიანების გარშემო გაურკვევლობა, რომლებიც შინ აღარასოდეს დაბრუნდნენ, სირცხვილი მათ გამო, ვინც დამსმენი და მოღალატე იყო" - უთხრა ფრანცისკემ ათი ათასობით ადამიანს. მისი ვიზიტი ითვალისწინებს ვილნიუსში მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ებრაელთა გეტოს მონახულებას და დედაქალაქში, კაგებეს ყოფილ შენობაში მდებარე ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმის მონახულებას, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებს ასახავს.
ყველაზე პოპულარული
1