Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართავენ


ქალთა მოძრაობა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი 4 ოქტომბერს, 11 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში იწვევენ საპრეზიდენტო კანდიდატებს ქალთა პრობლემების მოგვარებისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასთან დაკავშირებული ხედვების გასაცნობად.

„იმისათვის, რომ გავაკეთოთ სწორი და ინფორმირებული არჩევანი, საპრეზიდენტო კანდიდატებს ვთხოვთ, წარმოგვიდგინონ საკუთარი პოლიტიკური პროგრამა ქალთა საკითხებზე. აღნიშნული კონფერენციის პირდაპირ ტრანსლირებას უზრუნველვყოფთ ქალთა მოძრაობისა და სხვა ქალთა ორგანიზაციების ფეისბუკგვერდების საშუალებით. ჩვენი არჩევანი დამოკიდებულია თქვენ ხედვასა და საარჩევნო პროგრამაზე!“ - ნათქვამია ქალთა მოძრაობის მიმართვაში.

საქართველოში ქალები ამომრჩეველთა 54%-ს შეადგენენ. ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ქალების შემოსავალი 35% ნაკლებია კაცების შემოსავალთან შედარებით. დღეს პარლამენტის მხოლოდ 15% შეადგენენ ქალები, 64 მერიდან მხოლოდ ერთია ქალი, ხოლო 10 გუბერნატორიდან არც ერთი არ არის ქალი.

„ქალებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ ორსულობის გამო და არ უხდიან ხელფასს დეკრეტული შვებულების დროს. ქალები ვერ მონაწილეობენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რადგან პარტიები ქმნიან გადაულახავ ბარიერებს შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამაში გენდერული თემატიკის ასახვა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები ამ ქვეყნის უმრავლესობას შევადგენთ, ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები ხშირად ირღვევა, დაწყებული ოჯახში ძალადობითა და ფემიციდით, დამთავრებული ეკონომიკური ჩაგვრით”, - ნათქვამია მიმართვაში, რომლის ადრესატები პრეზიდენტობის კანდიდატები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG