Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანის მომხრეები აქციას მართავენ "კონტრრევოლუციური" კანონპროექტის გამო


სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა სერიოზული წინაღობა შეუქმნას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გეგმას ჩატარდეს ვადამდელი საყოველთაო არჩევნები. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა რესპუბლიკური პარტიიდან, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი აქვს, სომხეთის კეთილდღეობის პარტიამ და სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ, დაშნაკცუთიუნმა. ფაშინიანი, რომელიც ხელისუფლებაში მაისში მოვიდა, მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, ეწინააღმდეგებოდა კანონპროექტს, რომელიც პრემიერ-მინისტრისთვის შეუძლებელს გახდის პარლამენტის დათხოვნას და ახალი არჩევნების დანიშვნას. ფაშინიანმა მომხრეებს მოუწოდა გააპროტესტონ კანონპროექტი, რომელსაც ის "კონტრრევოლუციურს" უწოდებს. პარლამენტის შენობის წინ სწრაფად შეგროვდა რამდენიმე ათასი მოქალაქე, რომლებმაც შენობაში შესასვლელები ჩაკეტეს. აქციაზე გამოსვლისას ფაშინიანმა სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს მოუწოდა არ მოაწეროს ხელი კანონპროექტის კანონად გადაქცევას. "ისინი თავიანთი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ ომსო", განაცხადა ფაშინიანმა და თავის მომხრეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ფაშინიანი ვადამდელი არჩევნების მოწოდებით მას მერე გამოდის, რაც მისმა ბლოკმა გასულ თვეში დიდი უპირატესობით მოიპოვა წარმატება ერევანში გამართულ მერის არჩევნებში, მას სურს პარლამენტიდან წავიდნენ მისი პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ამ დრომდე უმრავლესობას ინარჩუნებენ. რესპუბლიკური პარტიის პრესმდივანმა და პარლამენტის ვიცესპიკერმა, ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანია არა ვადამდელი არჩევნების აღკვეთა, არამედ დეპუტატების დაცვა გარეშე "ზეწოლისგან". ჟურნალისტებთან საუბარში შარმაზანოვმა ფაშინიანს პარლამენტის მუშაობაში ჩარევაში დასდო ბრალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG