რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს კვლავ არ სურს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, საერთაშორისო არენაზე განაგრძობს მოსკოვისადმი მტრულ პოლიტიკას და სიამოვნებით მონაწილეობს ნატოს პოლიტიკაში, რომლის მიზანი რუსეთის შეკავებაა.
„პირდაპირ ვაფრთხილებ ქართველ პარტნიორებს, რომ მსგავსი ქცევა საფრთხეს უქმნის 2012 წელს დაწყებულ, ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს, რომლის ნაყოფითაც დღეს სარგებლობენ ორივე ქვეყნის მოქალაქეები“ - განუცხადა რუსულ გამოცემას, „იზვესტიას“ გრიგორი კარასინმა. მან 2012 წელს დაწყებული პროცესის შედეგებად დაასახელა ტვირთბრუნვის და სატრანსპორტო მიმოსვლის ზრდა და ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოს მეორე, ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და ექსპორტირებული ქართული ღვინის 60%-ს ყიდულობს. „იზვესტიის“ შეკითხვას, რა ეტაპზეა სავიზო საკითხის გადაწყვეტა, კარასინმა უპასუხა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2015 წელს მნიშვნელოვნად გამარტივდა და არც მისი საერთოდ გაუქმებაა გამორიცხული, თუმცა, პრაქტიკულ განხორციელებას ხელს უშლის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა. გრიგორი კარასინის თქმით, გარკვეულ გავლენას ახდენს მსოფლიოში შექმნილი რთული სიტუაციაც, რომელიც ხასიათდება ტერორიზმის საფრთხის ზრდით და არალეგალური მიგრაციის პრობლემით.