არგენტინაში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები დაიწყო. ბუენოს აირესში გამართულ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს ტაილანდის ჭაბუკთა საფეხბურთო კლუბის წევრები დაესწრნენ, რომლებიც სამიოდ თვის წინ, წყალდიდობისას ხაო ლუანგის მღვიმეში ებრძოდნენ სიკვდილს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პირადად წარადგინა საპატიო სტუმრები:
„ეს ადამიანები ნამდვილ ოლიმპიურ ღირებულებას წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, მათ ვთხოვე დასწრებოდნენ ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს, რათა თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ახალგაზრდა ათლეტებს“.
23 ივნისს 11-დან 16 წლამდე ასაკის 12-მა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა უამინდობის გამო ჩიანგრაის პროვინციაში მდებარე ხაო ლუანგის გამოქვაბულს შეაფარეს თავი. ძლიერი წვიმის შედეგად გამოსასვლელი წყლით აივსო და მოზარდები და მათი მწვრთნელი გარე სამყაროს მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ. ოპერაციაში მონაწილეობენ მაშველები მთელი მსოფლიოდან. გადაარჩინეს თორმეტივე ფეხბურთელი და მწვრთნელები.
ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიადა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება და სპორტის 32 სახეობაში მედლების 241 კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს დელეგაცია 15 სპორტსმენისგან შედგება.