სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დღეს არ გამართავენ პრესკონფერენციას, რომლის შესახებაც 9 ოქტომბერს ღამით განაცხადეს თბილისის პროკურატურაში ყიფიანის თითქმის ხუთსაათიანი გამოკითხვის შემდეგ. შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ პროკურატურას ლევან ყიფიანთან დამატებითი შეკითხვები ჰქონდა და პრესკონფერენციას 10 ოქტომბერს გამართავდნენ. თავად ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ხუთსაათიანი გამოკითხვა დამღლელი იყო და პრესკონფერენციის გამართვას 10 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეეცდებოდა.
თბილისის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს მედიასაშუალებებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე. ამ ჩანაწერებს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი მიიჩნევს იმის დასტურად, რომ მის ბიზნესზე ხელისუფლება ახდენს ზეწოლას და ოთხი მილიონი გადაახდევინეს პირადად ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით.