საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა მზად არის ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. მამუკა ბახტაძემ ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტის მიმართვაზე, მოიწვიოს მთავრობის სხდომა, რომელზეც ისაუბრებენ ქვეყანაში ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებზე.
„მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს“ - უთხრა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, მისთვის მიუღებელია გიორგი მარგველაშვილის შეფასება სანდრო გირგვლიანის და ხორავას ქუჩის ტრაგედიების შესახებ. „თუ სწორად გავიგე, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ
16 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში ბოლო ხანს განვითარებულ, საზოგადოებაში შეშფოთების გამომწვევ მოვლენებზე, მათ შორის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციაზე, "ომეგა ჯგუფის" და „იბერიის“ გარშემო მიმდინარე პროცესებზე, ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე და კანაფის კულტივაცია-ექსპორტის ინიციატივაზე და პრემიერ-მინისტრს მიმართა, უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა. „ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.