საქართველოს ეკონომიკა 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა კონკურენტუნარიანობის წლევანდელ რეიტინგში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა. საქართველოს საუკეთესო 100-დან 60,9 ქულა აქვს. წინა წლის რეიტინგთან შედარებით საქართველო ერთი ადგილით დაწინაურდა.
2018 წლის რეიტინგში პირველ ადგილზეა აშშ 85,6 ქულით. პირველ ხუთეულში არიან სინგაპური, გერმანია, შვეიცარია და იაპონია. რეიტინგის ბოლო ადგილს ჩადი იკავებს. კონკურენტუნარიანობის რეიტინგში ჩინეთი 28-ე ადგილზეა, რუსეთი კი 43-ზე.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კონკურენტუნარიანობის რეიტინგს ადგენს სხვადასხვა კრიტერიუმით. მათ შორისაა სახელმწიფო ინსტიტუტების, ინფრასტრუქტურის, მაკროეკონომიკური გარემოს და საქონლის და შრომის ბაზრის ეფექტურობა.