Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები: "ბასიანისა" და "გალერის" საქმეზე დაკავებულები პარაცეტამოლს და ციტრამონს ყიდდნენ


სპეცრაზმელები კლუბ "ბასიანთან." 2018 წლის 12 მაისი
სპეცრაზმელები კლუბ "ბასიანთან." 2018 წლის 12 მაისი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისის ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებული 8 პირიდან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყიდდა არა ნარკოტიკს, არამედ „პარაცეტამოლს“ და ეს დადასტურებულია. „არსებობს მტკიცებულებები, რომ არ ყიდდა ნარკოტიკებს, ის ყიდდა პარაცეტამოლს და ამოღებულია პარაცეტამოლი. ეს არის თაღლითობა, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცის, რომ მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და ძალიან ღელავს ამის გამო. ჯერჯერობით მისი საქმის მოწმეების დაკითხვა არ დაწყებულა და არც საპროცესო გარიგებაზეა საუბარი“ - განუცხადა ambebi.ge-ს ადვოკატმა გია გოროზიამ. ამავე გამოცემას კიდევ ერთი დაკავებულის, „კაფე გალერის“ დაცვის სამსახურის თანამშრომლის ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ უთხრა, რომ სამ სხვა ბრალ­დე­ბულ­ზე დადას­ტურ­და, რომ ისინი არ ყიდდნენ ნარკოტიკს და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია „ციტ­რა­მო­ნი.“ ხურცილავას ინფორმაციით, პირადად მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებას არ აღიარებს.

2018 წლის 12 მაისს, ღამით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ ჩაატარა „საგამოძიებო მოქმედებები“ ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ. კლუბებში შეიარაღებული სპეცრაზმელები შევიდნენ. პოლიციელებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს 8 პირი, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთი უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზე. შსს-მ „ბასიანის“ და „კაფე გალერის“ შენობებში სპეცრაზმის შესვლის მიზეზად დაასახელა ოპერატიული ინფორმაცია ადგილზე ნარკოტიკის გასაღების შესახებ. ღამის კლუბებში ჩატარებული ოპერაციის გამო, 12-13 მაისს თბილისში გაიმართა აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის,“ რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო.

XS
SM
MD
LG