Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ნარკორეალიზატორები „ფეიქებს”კლიენტების გამოცდის მიზნით ყიდდნენ


"ე.წ. კლუბების საქმის გამოძიების ფარგლებში განხორციელებული საკონტროლო შესყიდვებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებათა რეალიზატორები ცალკეულ შემთხვევებში არანარკოტიკულ ნივთიერებებსაც ასაღებდნენ" - განუცხადეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში. მისი ინფორმაციით,„დაკავებული ქ.მ-სგან განხორციელდა 5 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ რეალიზაცია განახორციელა, 3 შემთხვევაში კი, მისგან შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშუალებები. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებული ლ.მ.-სგან განხორციელდა 2 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 1 შესყიდვის შემთხვევაში მან არანარკოტიკული ნივთიერება, ხოლო 1 შესყიდვის შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ გაყიდა.“ შსს-ს განცხადებითვე, „საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები „ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ „ფეიქებს” - არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ საბოლოო ნდობაში არ შევლენ მათთან.“ შსს-ს ცნობითვე, არანარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტი არ დადასტურდა კიდევ ერთი ბრალდებულის, ვ.ჟ.-ს შემთხვევაში. „მისგან გახორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ის (ვ.ჟ.) ნარკოტიკული საშუალების „მდმა“-ის რეალიზაციას ახორციელებდა. ასევე, ვ.ჟ.-ს პირადი ჩხრეკისას გამოძიების მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები“ - წერია შსს მიერ მოწოდებულ წერილობით განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისის ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებული 8 პირიდან ორის, ქ.მ-ს და ვ.ჟ-ს ადვოკატებმა ambebi.ge-ს განუცხადეს, რომ სამი ბრალ­დე­ბულ­ის შემთხვევაში დადასტურებულია არა ნარკოტიკების, არამედ „პარაცეტამოლის“ და „ციტრამონის“ გაყიდვა.

ადვოკატების განცხადებას სიცრუე უწოდა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. მისი განცხადებით, „ყველა დაკავებული პირისგან საკონტროლო შესყიდვებისას და შემდგომში ჩხრეკის დროს, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადასტურებულია ჩატარებული ექსპერტიზებით და საქმის მასალები სრულად აქვს გადაცემული დაცვის მხარეს.“ პროკურატურის განცხადებითვე, „რამდენიმე ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების გარდა ამოღებულია არანარკოტიკული მედიკამენტები და მათ მფლობელებს ბრალი არ წარდგენიათ.“

2018 წლის 12 მაისს, ღამით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ ჩაატარა „საგამოძიებო მოქმედებები“ ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ. კლუბებში შეიარაღებული სპეცრაზმელები შევიდნენ. პოლიციელებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს 8 პირი, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთი უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზე. შსს-მ „ბასიანის“ და „კაფე გალერის“ შენობებში სპეცრაზმის შესვლის მიზეზად დაასახელა ოპერატიული ინფორმაცია ადგილზე ნარკოტიკის გასაღების შესახებ. ღამის კლუბებში ჩატარებული ოპერაციის გამო, 12-13 მაისს თბილისში გაიმართა აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის,“ რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო.

XS
SM
MD
LG