პოლონეთის უზენაეს სასამართლოში დაბრუნდნენ მოსამართლეები, რომლებიც სამი თვის წინ პენსიაზე გაუშვეს. მიზეზია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პოლონეთმა „დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს“ მოქმედება კანონისა, რომელიც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის 65 წლამდე დაწევას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის. რა მშვენიერია სიცოცხლეო, წამოიძახა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მალგოჟატა გერსდორფმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა შეიტყო ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. პოლონეთის უზენაესი სასამართლოს წევრები ცდილობდნენ პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ მოქმედებების შეზღუდვას. 2018 წლის ივლისში კი ამოქმედდა კანონი, რომლითაც იცვლება პირობები უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის. 65 წლის ასაკში მოსამართლედ მუშაობის გასაგრძელებლად საჭიროა სამედიცინო მოწმობა და პოლონეთის პრეზიდეტის თანხმობა. მოსამართლეების უმრავლესობამ ეს ნაბიჯი პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად აღიქვა, რის გამოც უარი თქვა პრეზიდენტისაგან ნებართვის აღების თხოვნაზე. 24 სექტემბერს ევროკომისიამ მიმართა ევროპის სასამართლოს თხოვნით, განეხილა პოლონეთის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც შესაძლებელს ხდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოხსნას. 19 ოქტომბერს ევროპის სასამართლომ პოლონეთს მოუწოდა, სამუშაო ადგილას დააბრუნოს მოსამართლეები მათი საქმის ბოლომდე განხილვამდე.