აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა, უარყო რუსეთის ბრალდება, თითქოს ვაშინგტონი იმის გამო იმუქრებოდეს ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლით, რომ შანტაჟი მოუწყოს რუსეთს. ვაშინგტონი მოსკოვს ადანაშაულებს საშუალო რადიუსის ახალი ბირთვული რაკეტის შექმნაში, რასაც 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნევს. როგორც იუწყებიან, ბოლტონი შანტაჟის ბრალდებას გამოეხმაურა 22 ოქტომბრის საღამოს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ. ორი დღით ადრე, 20 ოქტომბერს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს გასვლას საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან. ბოლტონმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ვაშინგტონს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ევროპაში რაკეტების განთავსებაზე, თუ ტრამპის ადმინისტრაცია მართლაც უარს იტყვის 1987 წლის ხელშეკრულებაზე. 22 ოქტომბერს უფრო ადრე ლავროვი და კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ ბირთვული ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა მსოფლიოს „უფრო სახიფათოს“ გახდის და მოსკოვს აიძულებს, გადადგას ნაბიჯები ძალთა ბალანსის აღსადგენად.
ბოლტონი: აშშ შანტაჟს არ უწყობს რუსეთს, როცა ამბობს, რომ აპირებს ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლას

ყველაზე პოპულარული
1