„შენების მოძრაობის“ ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პრობლემების მოგვარებას მათი მიჩქმალვით ცდილობს, რადგან სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავს. „გუშინ ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი, რუსთავი 2-ის პროკურორი, ჟურნალისტების მასწავლებელი, სიტყვის ბანზე აგდების ოსტატი, მაგრამ ვერ ვნახეთ დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელიც პოზიტიური ენერგიებით აავსებდა საზოგადოებას” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუდან გამოჩნდა ისიც, რომ „ივანიშვილისთვის პრაგმატულ-პოლიტიკურად ნაცმოძრაობა-რუსთავი2-ს გაცილებით დიდი ფასი და სარგებელი აქვს, ვიდრე საკუთარ სახელისუფლებო გუნდს და ტელევიზიებს.“ უსუფაშვილის განცხადებით, იყო დაპირება, რომ ივანიშვილი ერთ წელიწადში შეძლებს იმის გაკეთებას, რაც ვერ შეძლო 7 წლის განმავლობაში - მმართველ პარტიად წოდებული „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო კონგლომერატი ოდნავ მაინც დამსგავსებოდა პოლიტიკურ ორგანიზაციას. „შენების მოძრაობის“ ლიდერის შეფასებით, ოპტიმიზმის საფუძველს არაფერი იძლევა და შექმნილ ვითარებაში გამოსავალი სხვებმა უნდა იპოვონ და ხელისუფლება იძულება-დარწმუნებითი გზით დაითანხმონ 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, „ამისთვის კი უდიდესი მნიშვნელობა ექნება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ქოც-ნაცური მოჯადოებული წრის გარღვევას.“