Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა


აკადემიაში ამ ეტაპზე 44 ბავშვი იცხოვრებს. შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო.
აკადემიაში ამ ეტაპზე 44 ბავშვი იცხოვრებს. შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო.

რუსთავში 24 ოქტომბერს საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. ექვს ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი გაკეთდა. ინდივიდუალური განათების სისტემა სამ მოედანს მოემსახურება. აკადემიაში ამ ეტაპზე 44 ბავშვი იცხოვრებს. შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო.

აკადემია სულ 108 ადამიანზეა გათვლილი. მოზარდებისთვის მოწყობილია როგორც საძინებლები, ისე გასართობი კუთხეები. ტერიტორიაზე განთავსებული სასადილო, სასწავლო აუდიტორია, საკონფერენციო დარბაზი, მწვრთნელთა და უსაფრთხოების ოთახები.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ რუსთავის ფეხბურთის აკადემია მესამეა, რომელიც საქართველოში აშენდა:

„მანამდე ზუგდიდში და ლაგოდეხში გავხსენით, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბის... ამას ვერ გავაკეთებდით, რომ არა უეფას და ფიფას დახმარება. ჯამში 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სახელმწიფოს ეს მშენებლობა არ დაუფინანსებია“.

აკადემიის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი ლილუაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოზარდები ფედერაციამ საქართველოს ყველა რეგიონიდან შეარჩია; სპორტული აკადემია კი 14 და 15 წლის მოზარდებზეა გათვლილი: „ორი ჯგუფი გვყავს, თითო გუნდში 22 ფეხბურთელია. ცხოვრობენ აკადემიაში და სწავლას გააგრძელებენ რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში. უკვე ვვარჯიშობთ“, - განაცხადა ირაკლი ლილუაშვილმა.

აკადემიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ ქართული ფეხბურთის ვეტერანები, ადგილობრივი ხელისუფლების, ფიფასა და უეფას ოფიციალური წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG