პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც უკავშირდება რუსეთ-საქართველოს ომიდან მეათე წლისთავს. დოკუმენტის თანახმად, პოლონეთი გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების მკვლელობას, გატაცებას და სხვა ძალადობრივ აქტებს.
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარემ, მარეკ კუხჩინსკიმ რეზოლუცია ვარშავაში შეხვედრისას გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა პოლონეთის პარლამენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტის მიღებისთვის. პოლონეთს მადლობა თბილისიდან გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემაც. მისი განცხადებით, პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას.