Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი სააკაშვილი-ალასანიას აუდიო ჩანაწერზე: ეს არის სისხლის სამართლის საქმე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, 25 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერების თაობაზე განაცხადა, რომ „ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება და მკადრებელნი არიან ყველაფრის, თუმცა, საქართველოში დესტაბილიზაციას და ქაოსს მომავალი არ აქვს”. ჩუგოშვილის განცხადებით, გამოქვეყნებულ აუდიო-ჩანაწერში შინაარსობრივად ახალი არაფერია, ვინაიდან საზოგადოებამ კარგად იცის მასში მონაწილზე პირების დამოკიდებულება საქართველოს და მისი მოქალაქეების მიმართ. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნულს შესაბამისი ორგანოები გამოიძიებენ. „ეს არის სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიხედავს ყველაფერს”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. უკრაინულმა საიტმა, zdes.com.ua-მ გაავრცელა სავარაუდოდ, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თემურ ალასანიას ესაუბრება. საუბრის ჩანაწერის გავრცელებული ფრაგმენტის დასაწყისში, სავარაუდოდ, სააკაშვილი, მოიკითხავს გვარამიას, დაწყნარდა თუ არა ის. თანამოსაუბრე მიუგებს, რომ გვარამია კარგად არის, და რომ „უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედვით არ აკეთებს“. სავარაუდოდ, ალასანია საუბრისას ნათქვამზე, რომ „ჩვენი ერთადერთი ნიშა არის რადიკალიზაცია“, თანამოსაუბრე უპასუხებს, „მოვახდინოთ რადიკალიზაცია“ და შემდგომ ამბობს, რომ საჭიროა თბილისის, მისი სიტყვებით, „მიდელ კლასში“ პროპაგანდის სეგმენტი და „უნდა ვისწავლოთ ინტერნეტ სეგმენტის გამოყენება“. სავარაუდოდ, ალასანიას თქმით, „ ეს ავადმყოფი ერია, სანამ თავზე არ დ... და დედას არ მ... ვერ იგებენ ვერაფერს“ და პირდაპირ დედას აგინებს „ქართველებს“. სააკაშვილის შეფასებით, „აჭრილი აქვთ ყველაფერი, „რამსები, ეს არჩევნები კიდევ უფრო დააბნევთიმიტომ, რომ დააყენეს უსუსტესი კანდიდატი და ცუდი კამპანია აქვთ... საუბრისას, სავარაუდოდ, ალასანია აცხადებს, რომ "ცდამ დამღალა.. ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“, რაზეც თანამოსაუბრე უპასუხებს: „ეხლა ჟურნალისტებს მიხედე ჯობია და გვარამიას“.

XS
SM
MD
LG