Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცრუ განგაში სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება


ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი

„საქართველოს აეოპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში შესული ცრუ სატელეფონო შეტყობინება სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება და ის არ იყო რეალური საფრთხის შემცველი. წყაროს ცნობით, უკვე დადგენილია ქუთაისი-ვარშავის რეისთან დაკავშირებული ზარის ავტორი, რომელმაც ცრუ განგაში გამოიწვია.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებით, 25 ოქტომბერს „ვიზეარის“ რეისმა W6 1576 (ქუთაისი-ვარშავის მიმართულებით) იძულებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში. მიზეზს ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი წარმოადგენდა.

„ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ არიან გადაყვანილი ხომალდიდან“, - იტყობინება „საქართველოს აეოპორტების გაერთიანება“. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ სატელეფონო ზარი ცრუ ინფორმაციის შემცველი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სს კოდექსის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG