Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე საარჩევნო ხარვეზებზე საუბრობს


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

„საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ სამწუხაროდ ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით, გუშინ გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც, მისი თქმით, ასევე ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას.

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს ასევე, რომ რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელს უშლიან „ქართული ოცნების“ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეგზიტპოლის ჩატარებაში. ესაა უბანი, რომელზეც ტარდება ეგზიტპოლი როგორც ქართული ოცნების, ისე ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციების მიერ.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კანონმდებლობის უხეში დარღვევა დაფიქსირდა ასევე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, როდესაც პარტიულმა ტელევიზიამ უგულებელყო არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის პრინციპი და გუშინდელი ღამე ანუ დღევანდელი დღე უკვე 12 საათიდან დაუთმო სალომე ზურაბიშვილის ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას.

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს დამკვირვებლებს სათანადოდ ასახონ აღნიშნული დარღვევები თავიანთ ანგარიშებში.მან მიმართა ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ყველა ზომა მიიღონ საარჩევნო პროცედურების დასაცავად და შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად. მისი ინფორმაციით, რაიმე არსებითი ხარვეზი უბნების გახსნისა და ხმის მიცემის პროცესში არ დაფიქსირებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG