საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უბანზე მიჰყავს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთაც უკვე მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. მამუკა მდინარაძის თანახმად, ეს ადამიანები, რომელთაც მარკირების პროცედურა უკვე გავლილი აქვთ, ხელახლა ცდილობენ საარჩევნო უბნებზე შესვლას იმ მიზნით, რომ დარღვევები დაფიქსირდეს. მამუკა მდინარაძე მადლობას უხდის კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს, რომელთაც ამ პირების იდენტიფიცირება და უკან გაბრუნება შეძლეს.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მედია საშუალებების მეშვეობით ყველაფერს აკეთებს არა მხარდამჭერთა მობილიზებისთვის, არამედ იმისთვის,რომ გაყალბების ილუზია შექმნას:
„რუსთავი 2“ ბოლო წუთების განმავლობაში გვიცხადებს, რომ ხელში ჩაუვარდათ ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, ხუმრობასაც კი ვაპირებდი იმასთან დაკავშირებით, რომ დაგვეწერა ხელით, მიგვეწერა კონკრეტული თანხები, ეს იუმორშიც არ ჯდება. ასევე ნახატები, თითქოს რომელიღაც კანდიდატის იდენტიფიცირება ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დახატოს და შემდგომ დადოს "რუსთავი 2"-ში. ეს არის ძლიან იაფფასიანი სპეკულაცია და ყველას ვთხოვ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოერიდონ ასეთ პროვოკაციას,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ.