Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში მოხსნეს ვიცე-პრემიერი რადიო თავისუფლების რეპორტაჟში ასახული ინციდენტის გამო


 უზბეკეთის ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადაყენებული ზოირ მირზაევი
უზბეკეთის ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადაყენებული ზოირ მირზაევი

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა თანამდებობიდან მოხსნა ვიცე-პრემიერი ზოირ მირზაევი მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში მისი ვიზიტის ამსახველი რეპორტაჟი. რეპორტაჟში ასახული იყო მირზაევის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებთან. პრეზიდენტის ვებსაიტზე 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადებით, მირზაევი მოხსნეს „სერიოზული გადაცდომების“ გამო და რომ პრეზიდენტ მირზიოევის ერთ-ერთი პრიორიტეტია „კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა“.ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე რადიო თავისუფლების უზბეკურმა სამსახურმა გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომლისთვისაც ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება ინტერნეტში გავრცელებული გახმაურებული ფოტოსურათის გარშემო. ფოტოზე როგორც ჩანს, ტაშკენტის მახლობლად მდებარე ოყურგონის რაიონში ადგილობრივ ოფიციალურ პირებსა და გლეხებს აიძულებენ წყლით სავსე თხრილში დგომას. რადიო თავისუფლების უზბეკურმა სამსახურმა დაადგინა ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა და იქ მყოფი პირების ვინაობა. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ცხრა კაცი თხრილში, ცივ წყალში ჩააყენეს და 40 წუთამდე ამყოფეს იქ, რათა დაესაჯათ იმისთვის, რომ „დროულად“ არ მორწყეს ხორბლის ყანები. რადიო თავისუფლების რეპორტაჟს ფართო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

XS
SM
MD
LG