Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი: რუსეთმა ჰიბრიდული ომი 90-იან წლებში საქართველოში მოსინჯა


პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ვითარდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ამ განვითარების შემაფერხებელია უდიდესი ფაქტორი, რომელიც საქართველოს სამეზობლოს და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში ქმნის სულ უფრო პრობლემურ გამოწვევებს. „რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს აწარმოა მიზანმიმართული დაპყრობითი ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ჩვენ კარგად გვახსოვს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა როგორ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მოახდინა ჩვენი სამშობლოს 20%-ის ოკუპაცია. 90-იანი წლების დასაწყისში ანალოგიურად, როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ის, რასაც უკვე 2014 წლიდან ჩვენ ყველა ვეძახით ჰიბრიდულ ომს“ - განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ჰიბრიდული ომი 90-იანი წლების დასაწყისში მოსინჯა სწორედ საქართველოში და მას შემდეგ ჰიბრიდული ომის მეშვეობით ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებელი არჩევანის შეჩერება. „ხშირად 2008 წელზე ლაპარაკობენ, როგორც რუსეთის ლეგიტიმურ პასუხზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. საუბრობენ, რომ თითქოს რაღაცა ლოგიკა იყო ოკუპაციაში, იმიტომ რომ საქართველოს ჰქონდა გადაწყვეტილი ნატოში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით ჰქონდა დიდი წარმატება. ეს არის დიდი პროპაგანდისტული ტყუილი, რომელიც აქტიურად მუსირებდა, მაგრამ ჩვენ ფარდა ავხადეთ“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს შემდეგ რუსეთმა სამხედრო აგრესია განახორციელა უკრაინაში და კიდევ უფრო კარგად გამომჟღავნდა აგრესია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ამოძრავებდა მეზობლებთან მიმართებაში. პრეზიდენტის შეფასებით, დღესაც საქართველო დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რადგან რუსული პროპაგანდისტული მანქანა აქტიურია უკვე არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაში, არამედ ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზეც. „ეს ის რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და რომლიდან გამომდინარე, ერთად უნდა დავისახოთ სამოქმედო და სამომავლო გეგმები“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG