„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში 2007 წელს დადებული ბრალი აპატია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. „ბატონი მიხეილ სააკაშვილი პირადად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მიაჩნია თავისი ის საქციელი სწორად. საერთოდ, ბოდიშს ვინც მოიხდის, იმას უნდა აპატიო. ვფიქრობ, არ არის იოლი საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილი ხარ, თუ სხვანაირი, სპეციალურად მიხვიდე კაცთან და მოუბოდიშო. არ არის იოლი და ვთვლი, რომ ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დღევანდელ შეხვედრაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხლ დაუდასტურეს, ჟურნალისტებმა ლევან ბერძენიშვილს ჰკითხეს, აპატია თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდება.
2007 წლის „ამ ინციდენტთან“ კავშირი უარყო გრიგოლ ვაშაძემ. „ჯერ ერთი, 2007 წელს მე ვიყავი რიგითი მოქალაქე, ამიტომ ვერანაირ მონაწილეობას ამ ინციდენტში ვერ მივიღებდი. მეორე - მე პარტიის წევრი არ ვყოფილვარ 2017 წლის 21 იანვრამდე. მესამე - არასოდეს არ ვთვლიდი ბატონ ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად და ვთვლიდი ადამიანად, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი ეროვნულ მოძრაობაში და რომლის უშუალო მონაწილეობით მივაღწიეთ დამოუკიდებლობის აღდგენას“ - უთხრა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ. მისივე თქმით, „სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია“ და „დღეს არის მხარდაჭერის, გაერთიანების დრო.“