Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძე „ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით აშანტაჟებს“


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, ივანიშვილის მძარცველობის სქემის ნაწილია და ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით აშანტაჟებს. „6 წლის თავზე წარუმატებელი და ძალიან მავნებელი ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, ეს რევანშიზმი კი არ არის, ეს არის დემოკრატიის ზეიმი და ქართველი ერის მიერ საკუთარი ღირსების დაცვა, ხოლო ხაზარაძე, რომელიც ივანიშვილმა ჩართო თავის პიარკამპანიაში და აშანტაჟებს ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით, არის ნაწილი ივანიშვილის მძარცველობის სქემის, საქართველოში სამი ბანკი, მათ შორის თიბისი, აკონტროლებს საბანკო აქტივების 90 პროცენტს, არის სრული მონოპოლისტი. ეს არის ის ხალხი, ვინც ყოველდღიურად ძარცავს საქართველოს, მათ ერთი მილიონი ადამიანი გააკოტრეს და გაატყავეს მევახშეური ქმედებებით“, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის 2 ნოემბერის განცხადებას. მანამდე მამუკა ხაძარაძემ „მუქარა“ უწოდა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ბოლოდროინდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს. „სრულიად მიუღებელია ქონების წართმევის მუქარა, ხოლო რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, მისი ასაშენებელი ტერიტორია, სადაც აქამდე ჭაობი იყო, ჩვენთვის „უფასოდ“ არავის უჩუქებია. პროექტის განხორციელების უფლება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად მოვიპოვეთ საერთაშორისო ტენდერში კონკურენციის პირობებში. ანაკლია სწორედაც რომ ქართველი ხალხისაა და აშენების შემდეგ, სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულების თანახმად, მას უბრუნდება“, - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში, რომელიც 2 ნოემბერს ელექტრონული და ბეჭდური მედიით გავრცელდა.

XS
SM
MD
LG