Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიის დაწვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


“სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორი ხანძრის შემდეგ
“სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორი ხანძრის შემდეგ

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული დ.მ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.მ.-მ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში მდებარე ე. წ. ,,სტამბოლის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს ,,ლურჯ მარკეტს'' ცეცხლი მოუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 800 კვ.მ. ფართობზე განლაგებული შენობა-ნაგებობა და ეზოში გაჩერებული მიკროავტობუსი. ხანძარმა ზარალი ბაზარში მოვაჭრე 50-მდე მოქალაქეს მიაყენა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რუსთავში ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ მიმდებარედ დამწვარი „ლურჯი მარკეტის“ ადმინისტრაცია, საგამოძიებო ორგანოებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ დაკავებულმა მარკეტი გაბრაზების მომენტში გადაწვა, მას შემდეგ, რაც ტოტალიზატორში მცირე თანხა წააგო.

„როგორც გამოძიებამ გვითხრა, აღიარების მიხედვით, გაბრაზებულმა ახალგაზრდამ, მარკეტის ტერიტორიაზე ჯერ ანთებული სიგარეტი შეაგდო, შემდეგ კი ცეცხლი მუყაოს ნაჭრებს წაუკიდა“, - თქვეს „ლურჯი მარკეტის“ ადმინისტრაციაში. მათივე სიტყვებით, ისინი სახეზე ცნობენ დაკავებულს, რომელიც ხშირად დადიოდა "სტამბოლი ბაზარში“, ასევე ხედავდნენ რუსთავში, თოდრიის ქუჩაზე მდებარე „სპარის“ მაღაზიასთან, სადაც ფულს სთხოვდა გამვლელებს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტს გულისხმობს.

XS
SM
MD
LG