Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე სახლში ესტუმრა ირაკლი ოქრუაშვილს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს


გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 3 ნოემბერს ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. „მადლობა მინდა გითხრათ ჩვენს ოჯახში სტუმრობისთვის. დიდი პატივია და მე მესმის ეს ახლა რასაც უკავშირდება. ასევე მშვენივრად ვაცნობიერებ იმას, რომ ქვეყანა არის ჩიხში შესული და ჩიხიდან გამოყვანა სჭირდება. თქვენ ამას რამდენად შეძლებთ, ხალხზეა დამოკიდებული და მინდა, რომ წარმატება გისურვოთ“,- მიმართა ოქრუაშვილმა ვაშაძეს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნა, რომ ორი არჩევანია - ან აქ გაიზრდებიან მათი შვილები, ან იოცნებებენ ემიგრაციაში წასვლაზე.

საფრანგეთში ემიგრაციიდან ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში 2012 წლის ნოემბერში დაბრუნდა. მანამდე 2007 წლის 27 სექტემბერს ოქრუაშვილი მის მიერ დაარსებული ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი საქართველოსთვის“ - ოფისში დააკავეს. დაპატიმრებას წინ უძღოდა ყოფილი მინისტრის სკანდალური ინტერვიუ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სადაც მან პრეზიდენტი სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა. დაპატიმრებულ ექს-მინისტრს პროკურატურის გამომძიებლებმა თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. 2012 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ ყოფილ მინისტრს თანდათან მოუხსნეს ყველა ბრალდება.

პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ წარსულის პერიპეტიებიდან გამომდინარე მისთვის ადვილი არ არის იმ ნაბიჯების გადადგმა, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრეს. „გარკვეული დრო დამჭირდება, რომ ვიფიქრო, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მე პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და შევძლებ, რომ ახლაც დავივიწყო. დანარჩენი, ცოტა დამაცადეთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ხალხს უნდა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

XS
SM
MD
LG