აშშ-მა და სამხრეთმა კორეამ 5 ნოემბერს დაიწყეს მცირე მასშტაბის ერთობლივი სამხედრო წვრთნა, რამდენიმე დღით ადრე, სანამ სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ნიუ-იორკში უმასპინძლებს ჩრდილოეთი კორეის წარმომადგენლებს. კორეის საზღვაო გაცვლის პროგრამა იყო ნაწილი უფრო ფართო მანევრებისა, რომლებიც ივნისში შეწყდა, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა დაპირებით, რომ შეაჩერებდა აშშ-სამხრეთი კორეის სამხედრო წვრთნებს, მას შემდეგ, რაც სინგაპურის სამიტზე შეხვდა ჩრდილოეთი კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს. უფრო ფართომასშტაბიანი წვრთნები კვლავაც შეჩერებულია, თუმცა ვაშინგტონი და სეული მცირე მასშტაბის ერთობლივ მანევრებს ატარებენ. სამხრეთი კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სეული და ვაშინგტონი წლის ბოლომდე მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ჩაატარონ თუ არა მასშტაბური სამხედრო წვრთნა 2019 წელს. პომპეომ 4 ნოემბერს უთხრა მედიას, რომ უახლოეს დღეებში უმასპინძლებს ჩრდილოეთი კორეის დელეგაციას და საუბარი შეეხება აშშ-ის მოთხოვნებს ფხენიანის ბირთვული შეიარაღებისგან გათავისუფლების თაობაზე, ისევე, როგორც გეგმებს ორი ქვეყნის ლიდერების შემდეგი სამიტის გარშემო.