თეთრმა სახლმა აკრედიტაცია ჩამოართვა ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტს, ჯიმ აკოსტას. აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებით, დონალდ ტრამპს სჯერა თავისუფალი პრესის და ელოდება და მიესალმება მკაცრ შეკითხვებს, მაგრამ არ მოითმენენ, რომ რეპორტიორი ხელით შეეხოს თეთრი სახლის თანამშრომელს, რომელიც თავის სამუშაოს ასრულებს.
7 ნოემბერს, პრეზიდენტ ტრამპის პრესკონფერენციაზე, რომელიც კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს ეძღვნებოდა, ჯიმ აკოსტა თეთრი სახლის თანამშრომელ ქალს მართლაც არ უბრუნებდა მიკროფონს, მაგრამ მას ფიზიკურად არ შეხებია. ინციდენტი მოჰყვა ჟურნალისტის მიერ ტრამპისთვის დასმულ რამდენიმე მწვავე შეკითხვას, მათ შორის რატომ ეძახის მიგრანტებს დამპყრობლებს და ხომ არ ეშინია რუსეთთან შესაძლო კავშირების გამოძიების. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმ აკოსტას უხეში და საშინელი ადამიანი უწოდა. „როცა თქვენ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას - და ამას CNN-ი ხშირად აკეთებს - თქვენ მოქმედებთ როგორც ხალხის მტრები“ - მიმართა ტრამპმა აკოსტას. CNN-მა დაგმო აშშ-ის პრეზიდენტის ქმედება და თავის ჟურნალისტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. პრესკონფერენციის შემდეგ, ჯიმ აკოსტამ ტვიტერზე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ თხოვენ თეთრი სახლის დაცვის თანამშრომლები საშვის დაბრუნებას.