უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მეთაურების არჩევნებში ლიდერობენ დენის პუშილინი და ლეონიდ პასეჩნიკი - ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. საარჩევნო კომისიებზე დაყრდნობით. უკრაინის მიერ უკანონოდ გამოცხადებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, პუშილინს ხმა მისცა 61,5%-მა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, პასეჩნიკს 63%-მა.
უკრაინის პროკურატურამ კენჭისყრის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლით, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში არჩევნების ჩატარება დაგმეს ევროკავშირმა, ნატომ და აშშ-მა.