საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართა ბრიფინგი ევროპარლამენტში 13 ნოემბერს გამართული სხდომის გამო, რომელზეც განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხი.
„ჩემთვის საამაყოა, რომ ჩვენი ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად, ევროპარლამენტისგან საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო და ევროინტეგრაციის კუთხით შეფასდა როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა“ - განაცხადა ბახტაძემ. მან ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, „ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების უწყვეტ კურსს, ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც ევროპარლამენტარების განცხადების თანახმად, ქვეყანა ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პარტნიორად წარმოაჩინა რეგიონში.“
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანას, ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტი, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს.
„საქართველოსადმი მხარდამჭერი პოზიციების გამოხატვის პარალელურად, სამარცხვინოდ შეფასდა პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებული ბინძური და შეურაცხმყოფელი კამპანია. ამავდროულად, ევროპარლამენტარებმა, საქართველოს გულშემატკივრებმა და ნამდვილმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. მისივე თქმით, სწამს ქართველი ხალხის და დარწმუნებულია, რომ „არ იქნება დაშვებული ქვეყნის პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა.“
"ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. შესაბამისად, რევანშისტების გამარჯვება ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც ერთობლივად შევძელით და რასაც ევროპარლამენტი ასე პოზოიტიურად აფასებს" - თქვა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებს გასაკეთებელი აქვთ პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. ბახტაძე დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და ევროპულ მომავალს.