Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიფორნიაში ნაპოვნია ხანძრის შედეგად დაღუპული კიდევ 7 ადამიანის ცხედარი


კალიფორნიაში 65-მდე გაიზარდა ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მას შემდეგ, რაც მაშველებმა შტატის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პარადაისთან აღმოაჩინეს კიდევ შვიდი გარდაცვლილი. 63 ადამიანი დაიღუპა პარადაისსა და მის შემოგარენში, ორი კი შტატის სამხეთში მდებარე ქალაქ მალიბუში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები, რომელთა თანახმად, დაკარგულად ითვლება 631 ადამიანი. მანამდე დაკარგულთა რიცხვი 220-ს აჭარბებდა.

კალიფორნიის ჩრდილოეთში ხანძარმა გაანადგურა 9700-მდე სახლი, სამხრეთში კი 500. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, შტატის ჩრდილოეთში ლოკალიზებულია ხანძრის კერების 40%, სამხრეთში კი 62%. სტიქიას ებრძვის 10 ათასამდე მეხანძრე და სპეციალური ავიაცია.

კალიფორნიის ტყეებში ხანძარი 8 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა დასახლებულ პუნქტებზე. ხანძრის გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გვალვა, თუმცა, გამოძიება სხვა ვერსიებზეც მუშაობს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნიის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG