Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში წელს პირველად აღინიშნა „ფერმერის დღე“


"ფერმერის დღე" დადიანების ეზოში
"ფერმერის დღე" დადიანების ეზოში

სამეგრელო პირველი რეგიონი აღმოჩნდა, სადაც „ფერმერის დღე“ აღნიშნეს. 2015 წელს დაფუძნებული ღონისძიება მანამდე რეგიონებში არ ჩატარებულა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორი “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ აღნიშნა, საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად "ფერმერის დღე" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება; დასავლეთიდან სტარტის აღება კი განპირობებულია იმით, რომ ასოციაციის წევრი ფერმერების დაახლოებით 60% დასავლეთ საქართველოდან არის.

"ფერმერის დღე", რომელიც ზუგდიდში, დადიანების ეზოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გალაკონცერტით დასრულდა. ღონისძიებაზე 23 ფერმერი დაჯილდოვდა სხვადასხვა ნომინაციაში. "ფერმერის დღეს" ზუგდიდში იმყოფებოდნენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაჯილდოების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა და ხალხს სოფლის მეურნეობის დარგში აქტიურობისკენ მოუწოდეს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას შეჰპირდნენ. ჟურნალისტების კითხვაზე - მსგავსი ღონისძიება ხომ არ არის საგანგებოდ დაგეგმილი წინასაარჩევნო პერიოდში, აღნიშნეს, რომ "ფერმერის დღე" წლებია, საქართველოში აღინიშნება და ემსახურება მხოლოდ ამ დარგში დასაქმებულთა ხელშეწყობას.

XS
SM
MD
LG