თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ათი წონითი კატეგორიიდან სამში ოქროს მედალს საქართველოს ნაკრების წევრები დაეუფლნენ. 16-18 ნოემბერს ბუქარესტში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ზურაბ ჭიღლაძის გაწვრთნილმა გუნდმა სულ ოთხი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
74 და 79 კილოგრამ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ძმები ავთანდილ და ნიკა კენჭაძეები. მათ გარდა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა გივი მაჭარაშვილი (97 კგ), ხოლო როლანდ ანდრიაძემ (125 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სულ ათი სპორტსმენით გამოვიდა.