ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, "შავ სიაში მყოფი" მოქალაქეებისთვის ჩამოწერილ დავალიანებას ფონდი „ქართუ“ გამოისყიდის.
„ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად და მთავრობის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შედეგად ეს ყველაფერი განხორციელდება და ძალიან დიდ მადლობა, როგორ ითქვა, ფონდ „ქართუს“, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ვალების ჩამოწერის პროცესში არის გადამწყვეტი ფაქტორი. ვალების გამოსყიდვა, ჩამოწერა მოხდება მოქალაქეებისთვის და ფინანსურ უზრუნველყოფას გააკეთებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, - განაცხადა მედიასთან საუბარში აკაკი ზოიძემ. მას არ დაუკონკრეტებია სრულად გამოისყიდის თუ არა ფონდი „ქართუ“ ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეების დავალიანებას.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ 15-31 დეკემბრის პერიოდში, საფინანსო ორგანიზაციებისადმი საერთო ჯამში მილიარდნახევრიანი დავალიანება გაუნულდება 600 ათასამდე მოქალაქეს. ბახტაძის ინფორმაციით, „შავ სიაში“ დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხა არ აღემატება ორი ათას ლარს.