Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერპოლის პრეზიდენტად რუსი გენერლის შესაძლო არჩევა პროტესტს იწვევს


ალექსანდრ პროკოპჩუკი
ალექსანდრ პროკოპჩუკი

21 ნოემბერს, დუბაიში გაიმართება ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელზეც ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. ბრიტანული გაზეთის, „თაიმსის“ ინფორმაციით, ამ თანამდებობას სავარაუდოდ, დაიკავებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, გენერალი ალექსანდრ პროკოპჩუკი.

პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელად პროკოპჩუკის შესაძლო არჩევას ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი გაერთიანება „თავისუფალი რუსეთის ფორუმი.“ მისი განცხადებით, ინტერპოლის მსგავს გავლენიან ორგანიზაციას არ უნდა ხელმძღვანელობდეს წარმომადგენელი იმ ქვეყნისა, რომელიც საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და თავისუფლებას ხელყოფს, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, ანექსირებული აქვს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიები და რამდენიმე აგრესიულ ომში მონაწილეობს. „თავისუფალი რუსეთის ფორუმი“ ინტერპოლის გენერალურ ასამბლეას მიმართავს, უარი თქვას რუსეთის წარმომადგენლის მხარდაჭერაზე.

ინტერპოლის პრეზიდენტად რუსი გენერლის შესაძლო არჩევას აპროტესტებს უკრაინაც. შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაქოვის განცხადებით, რუსეთის თავმჯდომარეობა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის სულისკვეთებას და მიზნებს. გენერალ პროკოპჩუკის არჩევის შემთხვევაში, უკრაინის შსს ინტერპოლის წევრობის შეჩერებას აპირებს.

ინტერპოლის პრეზიდენტად რუსი გენერლის არჩევას ეწინააღმდეგებიან ამერიკელი სენატორებიც. რესპუბლიკელებმა, მარკო რუბიომ და როჯერ უიკერმა და დემოკრატებმა, ჯინ შაჰინმა და კრის კუნსმა ინტერპოლის გენერალურ ასამბლეას და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართეს, არ დაუშვან ინტერპოლის ხელმძღვანელად პროკოპჩუკის არჩევა. ამერიკელი სენატორების განცხადებით, ეს იგივეა, რომ მელას საქათმე ჩააბარო. სენატორები აღნიშნავენ, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს ინტერპოლის წესებს და ორგანიზაციას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების, დისიდენტების და ჟურნალისტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის, გენერალი პროკოპჩუკი კი პირადად მონაწილეობდა დაშინების, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების და პუტინის ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერების სტრატეგიის განხორციელებაში.

გენერალი პროკოპჩუკი 2016 წლიდან იკავებს ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ინტერპოლის ხელმძღვანელი, ჩინელი მენ ჰუნვეი თავის სამშობლოში დააკავეს კორუფციის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG