Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა არ ეთანხმება არასამთავრობო სექტორის შეფასებას ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის შესახებ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების წინაშე 600 ათასამდე მოქალაქის ვალის ჩამოწერა სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვაა. „2012 წლიდან სწორედ ქართული ოცნება გახლავთ გარანტი იმისა, რომ საქართველოში ტარდება თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები“ - განუცხადა ბრიუსელში გამგზავრების წინ ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველა არჩევნები ჩატარდა მაღალი სტანდარტით, რასაც მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს ამომრჩევლებზე ზეწოლის და მოსყიდვის შესახებ, ბახტაძის თქმით, საქმე აქვთ ისეთ ოპონენტთან, რომელსაც არაერთხელ უკადრებია გარკვეული სცენების დადგმა. „ამასაც ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ რაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ბუნებრივია, ნებისმიერ დარღვევასა თუ ხარვეზზე რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი. თუ მართლა ჰქონდა ადგილი ასეთ შემთხვევებს, შესაბამისი ორგანოები მოახდენენ ძალიან ოპერატიულ რეაგირებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. საფინანსო ორგანიზაციების წინაშე 600 ათასამდე მოქალაქის ვალის ჩამოწერას ამომრჩევლის მოსყიდვად არ მიიჩევს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულიაც. „პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს დასაბუთება იმისი, რომ ეს ინიციატივა დიდი ხანი მზადდებოდა“ - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ქობულიამ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 19 ნოემბერს განაცხადეს, რომ მთავრობის ინიციატივა 600 000 ამომრჩევლისთვის ვალის ჩამოწერის შესახებ, რომელიც ფონდ „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას. „მიგვაჩნია, რომ მოცემული ინიციატივა კანონმდებლობის მასშტაბურ და უპრეცენდენტო დარღვევას შეიძლება წარმოადგენდეს. გარდა ამისა, ის ნაკარნახევია ვიწრო პარტიული და პოლიტიკური ინტერესებით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არა მარტო საარჩევნო გარემოზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა მძიმე სოციალური პირობების საარჩევნო მიზნით გამოყენება მიუღებელია და დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს” - ნათქვამია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში. მათ პროკურატურას მოუწოდეს დროული და ობიექტური გამოძიებისკენ.

XS
SM
MD
LG