უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების პრეს-სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა უკრაინის სამხედრო გემები დაიკავა. ამავე ცნობით, რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის საზღვაო ფლოტის გემებს შავ ზღვაში, ყირიმის სანაპიროსთან. ორი საარტილერიო კატერი დაზიანდა და მოძრაობის უნარი დაკარგა. წინასწარი ცნობით, დაშავებულია ორი მეზღვაური. ამ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინის მთავრობა სამხედრო კაბინეტის სხდომას გეგმავს. ცეცხლის გახსნა მოჰყვა დაძაბულობას ქერჩის სრუტეში, როცა რუსეთმა სცადა გზა გადაეკეტა უკრაინის სამი გემისთვის, როცა ისინი აზოვის ზღვაში შესვლას აპირებდნენ. რუსეთმა თავის მიერ აგებული ქერჩის ხიდის ქვეშ დიდი ზომის სატვირთო გემი განათავსა.
ქერჩის ხიდი რუსეთმა ააგო უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ენექსიის შემდეგ.უკრაინამ 25 ნოემბერს უფრო ადრე განაცხადა, რომ რუსეთის სასაზღვრო დაცვის ხომალდი შეეტაკა უკრაინის სამხედრო ფლოტის საბუქსირო გემს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მახლობლად. უკრაინა აქტს აფასებს, როგორც "ღია აგრესიას“, რომელსაც გემის დაზიანება მოჰყვა. უკრაინა რუსეთის გემის ქმედებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს. უკრაინის მხარის თანახმად, მისი გემები გადაადგილდებოდნენ გეგმის მიხედვით, ოდესიდან მარიუპოლის მიმართულებით. რუსეთის უშიშროების სამსახურმა უკრაინის გემები დაადანაშაულა თავის წყლებში უკანონო შესვლასა და კონფლიქტის პროვოცირებაში.