Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მტკიცებით, რუსეთი უკრაინელ მეზღვაურებს აიძულებს ცრუ ჩვენების მიცემას


იგორ ვორონჩენკო
იგორ ვორონჩენკო

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა იგორ ვორონჩენკომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური დაადანაშაულა 25 ნოემბერს დატყვევებულ უკრაინელ მეზღვაურებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში. ვორონჩენკომ უკრაინულ ტელეარხს ICTV-ს განუცხადა, რომ უკრაინელ მეზღვაურებს ზეწოლით აიძულებენ ცრუ ჩვენების მიცემას. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 26 ნოემბერს გაავრცელა სამი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ გაიგეს რუსი მესაზღვრეების გაფრთხილება სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესახებ, ერთი კი აღიარებს, რომ გაცნობიერებული ჰქონდა უკრაინული გემების მოქმედების პროვოკაციული ხასიათი. რუსეთის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, ამ ჩვენებას იძლევიან უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის ოფიცერი ანდრეი დრაჩი, მეზღვაური სერგეი ციბიზოვი და მესამე რანგის კაპიტანი ვლადიმირ ლესოვოი. ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ გაგებით ეკიდება რუსეთის მიერ დატყვევებულთა ე.წ. ჩვენებებს, რადგან რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ სამხედრო გემს, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ. კიევის ინფორმაციით, გემებზე იმყოფებოდა 23 მეზღვაური, რომელთაგან 6 დაჭრილია. უკრაინამ რუსეთის ქმედება აგრესიის აქტად შეაფასა და შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინულმა გემებმა დაარღვიეს საზღვარი და არ დაემორჩილნენ სახიფათო მანევრების შეწყვეტის მოთხოვნას, რის გამოც რუსი მესაზღვრეები იძულებულნი იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ. კიევი უარყოფს, რომ მისმა სამხედრო გემებმა ნაოსნობის საერთაშორისო წესები დაარღვიეს. 26 ნოემბერს საღამოს, უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას და 30 დღით გამოაცხადა საომარი მდგომარეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG