აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მკაცრად დაგმო და პროვოკაციად შეაფასა ქერჩის სრუტეში, უკრაინულ სამხედრო გემებზე რუსი მესაზღვრეების შეიარაღებული თავდასხმა. რეზოლუციის ინიციატორები არიან რესპუბლიკელი სენატორი რონ ჯონსონი და დემოკრატი კრის მერფი.
რონ ჯონსონმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ სენატმა ერთსულოვნად დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის, მთავრობის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სენატორმა ჯონსონმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პუტინი დასავლეთის მოთმინებას ცდის. კრის მერფის შეფასებით, აშშ-ის სენატმა რუსეთის პრეზიდენტს გაუგზავნა მკაფიო სიგნალი, რომ არ მოითმენენ მისი მთავრობის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მტკიცედ გმობენ რუსეთის ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას, რომელიც ცალმხრივად ცვლის საერთაშორისო წესებს.
29 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაში ამერიკელი სენატორები რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს 25 ნოემბერს დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურები და აფრთხილებენ, რომ ყირიმის ნაპირებთან კონფრონტაციული ქმედებები ხელს უწყობს შემდგომ ესკალაციას და დესტაბილიზაციას მთლიანად რეგიონში. აშშ-ის სენატი მსოფლიო თანამეგობრობას მიმართავს, საერთო ძალისხმევვით გაუწიონ წინააღმდეგობა ქერჩის სრუტეში რუსეთის მთავრობის მოქმედებას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.