Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა ქარმა სამეგრელოს ნაწილი დააზარალა


ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ხობსა და აბაშაში. ოთხივე მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქარმა სახურავი გადახადა რამდენიმე შენობას როგორც ჩხოროწყუში, ისე აბაშაში, ხობსა და ზუგდიდში.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, დათო გოგუას, განცხადებით, სოფელ ლესიჭინეში მაღალი ძაბვის ბოძს ხე დაეცა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ ორი სოფლის მცხოვრებთ. მისივე თქმით, ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა სიძველის გამო დაზიანებულ შენობებს, მათ შორის ერთ საბავშვო ბაღს და რამდენიმე კერძო სახლს. ანალოგიური ვითარებაა აბაშაში. აქაც ქარმა დააზიანა როგორც ადგილობრივ მცხოვრებთა სახლების, ასევე ადმინისტრაციულ შენობათა სახურავების ნაწილი. აბაშის მერის, ლევან მაკალათიას, განცხადებით, ადგილზე გასულია სპეციალური კომისია.

ქარმა ხობში საცხოვრებელი კორპუსის პარალელურად დააზიანა ერთი ხიდი და რამდენიმე კერძო სახლის სახურავი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშიც მიიღეს შეტყობინება სახლების სახურავების ნაწილობრივ გადახდის შესახებ, თუმცა რამდენ სახლზეა საუბარი, ჯერ ვერ აკონკრეტებენ. ასევე, 11 სოფელში ფიქსირდება სახლებსა თუ საჯარო სკოლებთან ხეების წაქცევის ფაქტები.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მუნიციპალიტეტის 40 სოფელი. მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები უკვე მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG