„ოთხ თვეზე მეტია ადგილი აქვს კანონდარღვევას „ომეგა ჯუფის მიმართ“, საწარმო ისევ გააჩერეს და ამ გაჩერების მიზეზად კვლავაც რჩება „ომეგა ჯგუფისათვის“აქციზური მარკების არმიცემა“, - განაცხადა „ოჯთ-ის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა.
„ომეგა ჯგუფის“ განცხადებით, მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არ აქვთ, თუმცა სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო აქციზურ მარკებს მაინც ვერ იღებენ.
12 ნოემბერს შემოსავლების სამსახურისგან „ოჯთ-მ“ მოითხოვა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკები. შეკვეთა შემოსავლების სამსახურმა იმავე დღეს დაადასტურა, თუმცა საჭირო ინვოისის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რამდენიმე წერილზე კი პასუხი საერთოდ არ მიუღიათ.
„ჩვენს კომპანიას არ მიუღია აქციზური მარკები იმის გამო, რომ შემოსავლების სამსახურმა და შპს ,,სიქფა სექურითი სოლუშენს ჯორჯიამ“, გაურკვეველი მიზეზით, შპს ,,ოჯთ-ს“ განზრახ არ მიაწოდეს ინვოისი შეკვეთილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადასახდელად. სწორედ ამას მოჰყვა „სიქფა სექურითი სოლუშენს ჯორჯიას“ მიერ შეკვეთის გაუქმება“, - განაცხადა „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა.
მისივე განმარტებით, 3 დეკემბერს კომპანიამ კვლავ მიმართა ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკების მოთხოვნით. შეკვეთა ჯერჯერობით არც დაუდასტურებიათ და არც უარუყვიათ.
„„ომეგა ჯგუფი“ იტოვებს უფლებას გამოიყენოს ყველა შესაძლო სამართლებრივი საშუალება, რათა მოითხოვოს კანონის დამრღვევი ყველა პირის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება და ჩვენი კომპანიისათვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება." - განაცხადა „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა.
აღდგომელაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესაც მიაწოდა.