Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე არ ყოფილა არცერთი კრიტიკული შენიშვნა


პავლო კლიმკინი და დავით ზალკალიანი. ბრიუსელი, 2018 წლის 4 დეკემბერი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატოს წევრი სახელმწიფოები განაგრძობენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერას. 4 დეკემბერს, დავით ზალკალიანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პავლო კლიმკინთან ერთად ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატით შეხვდა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.

„პარტნიორების მხრიდან აღიარებულია, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ ხელშესახები პროგრესი ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის განხორციელების კუთხით, რომელიც ემსახურება საბოლოო მიზანს - ნატოში გაწევრიანებას და აუცილებელია, რომ იყოს მიღებული შემდგომი გადაწყვეტილებები“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მოისმინა ძალიან ბევრი, მკაფიო მხარდამჭერი განცხადება, რაც დამაიმედებელია.

სხდომაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც. საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით მძიმე ვითარების შესახებ. დავით ზალკალიანის ცნობითვე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში თანამშრომლობის თვალსაზრისით კიდევ ერთხელ აღინიშნა პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტები, რაც გამოიკვეთა ნატოს ბრიუსელის სამიტზე და ალიანსმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსთან გააგრძელოს თანამშლომლობა შავ ზღვაზე უსაფრთხოების კუთხით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე „არ ყოფილა არცერთი კრიტიკული შენიშვნა. იყო მხოლოდ და მხოლოდ საუბარი პოზიტივზე. კერძოდ იმ რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ საგრძნობი პროგრესის თვალსაზრისით, რომელიც ქვეყანას აქვს თავდაცვის სფეროში, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით.“ ზალკალიანის ინფორმაციით, მოკავშირეებმა საქართველოს მიულოცეს საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება და გამოითქვა მზაობა, რომ პარტნიორები გააგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან და საქართველოს მთავრობასთან ყველა იმ მიმართულებით, რომელიც აქტუალურია ნატოში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG