Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრო ია კერზაიას ოჯახს უსამძიმრებს და ტრაგედიის პოლიტიზებას გმობს


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების პოლიტიზება გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ. სამინისტროს ოფიციალური პოზიცია გამოხატა მინისტრის მოადგილემ, ია ზედგინიძემ. მან განათლების სამინისტროს სახელით სამძიმარი გამოუცხადა ია კერზაიას ოჯახს და ზუგდიდის მე-6 სკოლას.

„2012 წლიდან ხელისუფლებამ უზრუნველყო, რომ განათლების სისტემა არის დეპოლიტიზებული და შესაბამისად, რომელიმე სასწავლო დაწესებულების პოლიტიკური დღის წესრიგის საგნად ქცევა არ იქნება დაშვებული. ბოლო დღეების განმავლობაში, სამინისტრო მაქსიმალურად იკავებდა თავს განცხადებებისგან, თუმცა მიზანმიმართული არასწორი ინფორმაციის გავრცელებით განვითარებულმა მოვლენებმა მიიღო ისეთი სახე, რაც სასწავლო პროცესს, პედაგოგების, მოსწავლეების ინტერესებს და მთლიანად განათლების სისტემას აზიანებს და ხელს უშლის სასწავლო დაწესებულებების სრულფასოვან ფუნქციონირებას“ - განაცხადა ია ზედგინიძემ. მისი თქმით, განათლების სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დოკუმენტაცია და ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა პასუხი გაეცეს ყველა შეკითხვას. მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, შესაბამისი სამსახური სკოლებს რეგულარულად ამოწმებს ხარვეზების, გადაცდომების და სხვა დარღვევების აღმოფხვრის და რეაგირების მიზნით და სწორედ ასეთი სამუშაო ჩატარდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაშიც. ზედგინიძის ინფორმაციით, სკოლის სამეურვეო საბჭო დაეთანხმა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ, თუმცა, დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნა და არც განათლების სამინისტროს მიუღია მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება.

„რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობს, საარჩევნო პერიოდში ვერ და არ იქნებოდა შეჩერებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მატარებელი მედია, ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ცდილობს, სხვადასხვა მეთოდით შეიჭრას საჯარო სკოლებში და ამით საგაკვეთილო პროცესი დააზიანოს“ - განაცხადა ია ზედგინიძემ. მან წარმოადგონა სტატისტიკაც, რომლის თანახმად, მხოლოდ 2018 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგად დაიწერა 98 დასკვნა, 49 სკოლას მიეცა მითითება და გაფრთხილება, 9 დირექტორი თანამდებობიდან გათვისუფლდა, ერთ სკოლაში სამეურვეო საბჭო დაითხოვეს და სამართალდამცავ ორგანოებს გაეგზავნა 20 კანონდარღვევის საქმე.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ლეტალურ შედეგს ოჯახი უკავშირებს სკოლის არაგეგმურ შემოწმებას, რომელიც გარდაცვლილის შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ია კერზაიამ უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე. შენგელია პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქმეს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. ზუგდიდის საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოითხოვა განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა.

XS
SM
MD
LG