Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს განმარტებით ქორეპისკოპოსისთვის არ დაუვალებია ადვოკატისთვის ბოდიშის მოხდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა, რომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის დავა ქორეპისკოპოს იაკობთან რამიშვილის სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა, უარყო, რომ სასულიერო პირს ბოდიშის მოხდა დაევალა.

„მცდარია განცხადება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს დაევალა ბოდიშის მოხდა, ასეთი შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს. მოპასუხეს დაეკისრა საჯაროდ გაცხადება იმისა, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მისი პატივის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქორეპისკოპოს იაკობს დააკისრა ბოდიშის საჯაროდ მოხდა და სიმბოლურად 1 ლარის გადახდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

„ქორეპისკოპოსმა იაკობმა ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო გადაცემაში, სადაც ცილი დამწამა, ვითომ, მე ვიყავი მეუფე პეტრეს მაბეზღარა, ვიყავი ჩანერგილი აგენტი გიორგი მამალაძისა და გირგვლიანის საქმეში, ასევე ინფორმაცია მიმქონდა დათა ახალაიასთან, რაც მოსამართლემ ცილისწამებად ჩათვალა და დააკისრა ქორეპისკოპოს იაკობს ყველაფრის საჯაროდ უარყოფა, ისევე როგორც საჯაროდ დამდო ბრალი და ცილი დამწამა“ - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

XS
SM
MD
LG