საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თელავში ვერტმფრენით ჩაფრინდება. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13:00 საათისთვის დაეშვა. ნიკოლა სარკოზი საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილე სტუმრის რანგში ჩამოვიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი. მაღალი რანგის სტუმრებს ელიან 20-ზე მეტი ქვეყნიდან და ასევე 16 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში უკვე იკრიბებიან პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მოწვეული სტუმრები. უცხოელების გარდა, ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები და სხვები. პრეზიდენტის ინაუგურაცია 15:00 საათზე დაიწყება.16 დეკემბერს, 16:00 საათზე, ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი საზეიმო მიღებას გამართავს ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში. თელავში დაგეგმილი ღონისძიებები ხმაურიანი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.