Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში მყარდება სუფთა რუსული ტიპის რეჟიმი


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ „სრული შეუგუებლობისკენ“ მოუწოდებს. როგორც ის 17 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, „საქართველო დიდ საფრთხეშია“, რადგან ქვეყანაში რუსული რეჟიმი მყარდება ("ქართული ოცნების" თავმჯდომარის) ბიძინა ივანიშვილისა და (შს მინისტრის) გიორგი გახარიას მიერ. თავისი ვიდეომიმართვით მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება 16 დეკემბერს კახეთში განვითარებულ მოვლენებსა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტს.

„დაწყებული არჩევნების მეორე ტურიდან, გუშინდელი მოვლენებით გაგრძელებული და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავებით (დამთავრებული), მინდა გითხრათ: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსულ საქართველოში. საქართველოში მყარდება სუფთა რუსული ტიპის რეჟიმი ივანიშვილის მიერ და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის აგენტის მიერ, გახარიას მიერ... ეს არის რუსული რეჟიმი, ოღონდ რუსული პენსიების გარეშე, რუსული შემოსავლების გარეშე, უბრალოდ რუსული რეპრესიებით, უბრალოდ რუსული ტიპის პოლიტიკური სისტემით, უფრო სწორად - პოლიტიკის საერთოდ გაქრობით.“

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას ესმის, რომ ხალხს ბევრი საზრუნავი აქვს და „უმეტესობას ვერ მოთხოვ ქუჩაში დგომას, მაგრამ ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციის ლიდერების „განეიტრალებით“,ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების ბოლო იმედიც ქრება.

„საქართველოში დამყარდა ოლიგარქიული დიქტატურა, დარჩა მხოლოდ ცალკეული წინააღმდეგობის ცენტრები. მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება. ჩვენი ბრძოლა იქნება ძალიან პრინციპული და შეუპოვარი. ჩვენ არასოდეს შევეგუებით იმას, რომ საქართველო გააბანძონ და გადააქციონ რუსეთის დანამატად“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ყველაფერი მაშინ გამოვა, თუკი ყველა ერთმანეთს ჩაჰკიდებს ხელს და „ყველა თავის მონაკვეთზე, რაც შეუძლია, გაწევს შესაბამის წინააღმდეგობას.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG