„დღეს ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციებს ვიღებთ. როგორც ჩანს, შსს-ში კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა მტკიცებულებას ვაცნობთ დიპლომატიურ კორპუსს და ვითხოვთ მათგან მკვეთრ რეაგირებას", -აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. მან განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერები დღეს შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მართავენ.
„ჩვენ ახლა შევხვდით ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს, რომელსაც მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში. ქვეყანაში მყარდება ოლიგარქიული დიქტატურა, რომლის მიზანია, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება. როგორც ჩანს ის პროვოკაცია, რაც მათ ველისციხეში მოგვიწყვეს, გათვლილი იყო იმაზე, რომ როგორმე საკუთარი თავისთვის შეექმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომ ციხეში ჩასვან ხალხი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.