საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ქალ პოლიციელებს ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება,როგორც კაცებს. კომენტარში, რომელიც გურჯაანში ქალი პოლიციელების სიმრავლესა და მათ წინა რიგში განთავსებას შეეხებოდა, მინისტრის მოადგილემ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ქალი პოლიციელების როლის დაკნინებაში დაადანაშაულა
„მე მოვისმინე განცხადებები, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ თითქოს იქ ქალები არ უნდა მდგარიყვნენ. ეს მიმაჩნია ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად. შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ქალები იკავებენ, მათ შორის მინისტრის ორი მოადგილე ქალია. ეს მიუთითებს ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე. ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, რადგან მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს",- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. იგი აპირებს გაარკვიოს ისიც,ჰქონდა თუ არა სექსისტური მოტივი გურჯაანში პოლიციელი ქალების გაყვანას.
„რაც შეეხება შეკითხვას, იყო თუ არა შეგნებულად გაკეთებული, ვერ გეტყვით. დილიდან კონფერენციაზე ვიმყოფები. ეს თუ არ იყო უბრალოდ დამთხვევა, რადგან ბევრი პოლიციელი ქალი მუშაობს კახეთში და ამის მიღმა რაიმე სექსისტური მოტივაცია იყო, ამ საკითხით პირადად დავინტერესდები",- უთხრა ნათია მეზვრიშვილმა მედიასაშუალებებს.