ილინოისში700-მდე მღვდელია ეჭვმიტანილი ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაში. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ასოშიეიტედ პრესმა. დანაშაულის შესახებ ლაპარაკია შტატის პროკურატურის ანგარიშში. პროკურორი თვლის, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ დააკლო ძალისხმევა მღვდლები მხრიდან სექსუალურ ძალადობის ფაქტების ხარისხიან გამოძიებას.
ადრე ეკლესიამ გამოაქვეყნა ორასამდე სასულიერო პირის ვინაობა, რომელთა დანაშაული დამტკიცებულად მიიჩნიეს. მაგრამ ეკლესიის მესვეურები სდუმდნენ დარჩენილი ხუთასი შემთხვევის გარშემო, რომლებზეც საჩივარი შევიდა შტატის სამართალდამცავ ორგანოებში. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ილინოისის გენერალურმა პროკურორმა, ლისა მადიგანმა. „ეკლესია არ შეეცადა გაერკვია, უგულებელყოფდა ეკლესიის ხელისუფლება ბრალდებული სასულიერო პირების დანაშაულს, თუ ხელს აფარებდა მათ, დასძინა პროკურორმა.
ანგარიშში არ არის დაზუსტებული, რომელ პერიოდს შეეხება ძალადობის შემთხვევები. ილინოისში გამოძიება დაიწყო მას მერე, რაც პენსილვანიის შტატის პროკურატურის დასკვნა გამოქვეყნდა აგვისტოში. იქ სამასამდე სასულიერო პირს წაუყენეს ბრალი სექსუალური ძალადობის გამო ათწლეულების განმავლობაში.
კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა ილინოისში განაცხადეს, რომ აღიარებენ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ურიცხვ ფაქტს. მაგრამ, მაშინაც კი, თუ ეკლესიამ ბევრი შეცდომა დაუშვა ამ საკითხში, მისი წარმომადგენლები ყოველთვის აწვდიან სამართალდამცველ ორგანიზაციებს ცნობებს ძალადობის თითოეული ფაქტის გამო, განაცხადა ჩიკაგოს ეპისკოპოსმა ბლეიზ კიუპიკმა.